ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების 99 პროცენტი საერთოდ ჩემი სისხლის სამართლის საქმეზე შემხებლობაში არაა, მტკიცებულებებს სადაოდ არ ვხდი, - ამის შესახებ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა, მირზა სუბელიანმა პროცესზე განაცხადა.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დაცვის მხარემ და ბრალდებულმა, უდაოდ სცნეს. ადვოკატებმა სადაოდ მხოლოდ ერთი მტკიცებულება, ერთ-ერთი მოწმის, პროკურორ მიხეილ შაყულაშვილის ჩვენება მიიჩნიეს სადაოდ. ბრალდებულმა სუბელიანმა მიხეილ შაყულაშვილის გამოკითხვა მოითხოვა.
მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად სცნო.
პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი კი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს.