ჩვენ ვუსმენთ საზოგადოებას, ეკლესიას, შეჩერებულია კანონპროექტის განხილვა და დავიწყებთ აქტიურ კონსულტაციებს ყველასთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „კანაფის კონტროლის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კონსულტაციებში ჩართული იქნება ფართო საზოგადოება, ეკლესია და მისივე თქმით, ამის საფუძვლზე მოხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
„რაც მთავარია ჩვენ ვუსმენთ საზოგადოებას, ვუსმენთ ეკლესიას. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გადაწყვეტილება ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე აუცილებლად იქნება მიღებული ფართო კონსულტაციების საფუძველზე. მასში იქნება ჩართული ფართო საზოგადოება, ეკლესია და ამის საფუძვლზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესების შესაბამისი. ჩვენ ვიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არის საზოგადოების ინტერესებში და ასევე, რა თქმა უნდა, ყურადღებას დავუთმობთ საზოგადოების აღქმასაც. ანუ, ერთია საზოგადოების ინფორმირება, მისი აღქმა და შინაარსი. ყველა ამ საკითხს მიექცევა ყურადღება. გვქონდა გუშინ შეხვედრა პატრიარქთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, იყო კარგი საუბარი. პატრიარქი არის არა მხოლოდ ჩვენი სულიერი ლიდერი, არამედ ის არის ბრძენი ადამიანი და აქვს ყოველთვის სწორი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. აუცილებლად მოვუსმენთ პატრიარქს, საზოგადოებას, ეკლესიას. შეჩერებულია კანონპროექტის განხილვა და დავიწყებთ აქტიურ კონსულტაციებს ყველასთან იმისთვის, რომ გავაცნოთ მათ ეს პროექტი, ვუთხრათ მათ, რომ აქ არ არის არცერთ შემთხვევაში საუბარი ნარკოტიკების წარმოებასა და რეალიზაციაზე. ეს არის მკაფიოდ გამოსაკვეთი“,- განაცხადა კობახიძემ.