როდესაც ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, არ ვამბობ, რომ საქართველო არის დამნაშავე, არ ვამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, არ ვამბობ, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის ამბობს, რომ იმ დროინდელმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დაუშვა ან დიდი შეცდომა ან ჩაიდინა დიდი დანაშაული, რის შედეგშიც "ვცხოვრობთ ჩვენ, ჩვენი დევნილები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუცველი ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეები".
მისივე განცხადებით, რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და არა პირიქით, საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არ შეჭრილა, არასდროს არ მოუხდენია აგრესია.
„საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყოო, ცხადია რუსეთმა და რატომო? რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და არა პირიქით, საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არ შეჭრილა, არასდროს არ მოუხდენია აგრესია. ეს არის ისეთი ელემენტარული, ერთი და ერთი ორი არის, რომ ამაზე ვინ შეიძლება დაობდეს და ეს არასდროს არ ყოფილა ჩემი სათქმელი და ამაზე არ ვმსჯელობდი მე, არც მე და არცერთი ქართველი ამას არ დაუშვებს, რომ თქვას, რომ რუსეთის და საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო და ვისი ინტერესია, მე ამას შეგეკითხებით, რომ ამ საკითხზე შეიქმნას სრული წარმოდგენა ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარეთ, რაც კიდევ უარესია, რომ თურმე საქართველოში ამ საკითხის მიმართ დაყოფილი არის აზრი,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.