საქართველოში კანაფის წარმოება-ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ უნდა მოხდეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში საკითხისადმი ემოციური დამოკიდებულებაა, გადაწყვეტილება ცხადი და გასაგები უნდა იყოს.
„კონსულტაციები უნდა გავიაროთ და სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვაა და საპატრიარქოს პოზიციაც არსებობს, რომ ამ საკითხზე მაქსიმალურად ღია დისკუსია იყოს და პრინციპებზე დიალოგის შემდეგ უნდა შევჯერდეთ. ამ საკითხზე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ უნდა მოხდეს. ჩვენი ერთიანი პოზიცია იყო, რომ დიალოგი გაიმართოს იმდენი, რამდენიც საჭიროა, რომ ამ საკითხზე ბუნდოვანება და არასწორი ინფორმაციის გავრცელება არ მოხდეს”, – განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, ისეთი გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს, რომელიც საზოგადოებაში ნეგატიურ განწყობას არ დატოვებს.
„კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საუბარი მარიხუანასა და მისი ჯგუფის ნარკოტიკების ლეგალიზებაზე არ არის. ამას ის პროექტი პირდაპირ ამბობს, რითაც აკრძალვები შემოდის. ასევე არ გამოიყენება პირადი მოხმარებისთვის ის ნივთიერება, რომელიც სამკურნალო თვალსაზრისით გამოიყენება. პატრიარქმა თავისი პოზიცია ძალიან გონივრული და ბრძნული შინაარსით ბრძანა. მის განწყობას ვიზიარებ. არასწორი ინფორმაცია რაც ისმის, უნდა მოიხსნას და გადაწყვეტილება მაშინ უნდა მივიღოთ, როცა მოსახლეობისგან თანხმობა გვექნება”, – აღნიშნავს ბესელია.