ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციისა და ექსპორტის მიზნებისთვის ნაწილს, პირადად მე ვეთანხმები, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. გადამწყვეტი იყო მთლიანად საზოგადოების პოზიცია, რადგან საერთო პოზიცია იყო ნეგატიური ამ საკითხის მიმართ და ამიტომ არ გამოვყოფდი რომელიმე ერთ ჯგუფს, თუმცა, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს აზრს აქვს ძალიან დიდი გავლენა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გაიმართება დამატებითი კონსულტაციები და ამის შემდეგ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული.
"კანონპროექტი ორი ნაწილისგან შედგება, როგორც ჩანს, კანონპროექტის პირველ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც მოხმარების რეგულაციას შეეხება, ნაკლები დისკუსია არსებობს. ბევრად მეტი დისკუსია გამოიწვია კანონპროექტის მეორე ნაწილმა, რომელიც შეეხებოდა ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციის საკითხს. ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ გადავდოთ ამ საკითხის განხილვა, რადგან როგორც ჩანს, საზოგადოების თითქმის ყველა წრეში ამან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ან ჩვენ გვჭირდება, ერთი მხრივ, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, თუ ზუსტად რა იგულისხმება, ან ჩვენ გვჭირდება, რომ მეტად მოვისმინოთ მოსახლეობის აზრი ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან არის რეაქციები არაერთგვაროვანი და გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა. ბუნებრივია, იმიტომ რომ არ არის მარტივი საკითხი, ამიტომ დამატებით დროს გამოვიყენებთ კონსულტაციებისთვის და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ გავაგრძელებთ ამ კანონმდებლობაზე მუშაობას. ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციისა და ექსპორტის მიზნებისთვის ნაწილს, პირადად მე ვეთანხმები, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. გადამწყვეტი იყო მთლიანად საზოგადოების პოზიცია, რადგან საერთო პოზიცია იყო ნეგატიური ამ საკითხის მიმართ და ამიტომ არ გამოვყოფდი რომელიმე ერთ ჯგუფს, თუმცა, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს აზრს აქვს ძალიან დიდი გავლენა", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.