შევასრულეთ დაპირება, რომ სწავლის დაწყებისთვის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებული იქნებოდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბარათაშვილის აღმართზე, რობაქიძის გამზირზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე საგზაო მოძრაობა სრულად გახსნილია და გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები მთლიანად არის დასრულებული.
კახა კალაძის განცხადებით, ძირითადი სამუშაოები დასრულებულია.
„გზის საფარის პირველი ფენა ყველგან დაგებულია და ის ძირითადი, მტკივნეული და რთული სამუშაოები ყველგან დასრულებულია. რობაქიძის გამზირი მთლიანად არის დასრულებული და ასფალტის საბოლოო ფენა უკვე დაგებულია. რაც შეეხება კოსტავა-შარტავას ქუჩებსა და ბარათაშვილის აღმართს, ამ ლოკაციებზე კეთილმოწყობის სამუშაოები გაგრძელდება, რაც გულისხმობს გზაგამყოფების მოწყობას, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევით კეთდება. მოეწყობა ავტობუსებისთვის შესაბამისი ზოლები, რომ გადაადგილება უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული იყოს.
მოეწყობა ახალი ბორდიურები, საფეხმავლო და ველობილიკები, გარეგანათების სისტემა. ასევე, ჰაერში არსებული სადენები მიწის ქვეშ განთავსდება. ყველა ჩამოთვლილ ლოკაციაზე კეთილმოწყობის სამუშაოები მთლიანად 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, მთავარი პრინციპული საკითხი იყო, რომ სწავლის დაწყების დღისთვის გზა გახსნილიყო და გადაადგილება თავისუფლად ყოფილიყო შესაძლებელი.
„ეს დაპირება, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო მიცემული, შესრულებულია. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დღისა და ღამის განმავლობაში მუშაობდა ამ კონკრეტულ ლოკაციებზე. კიდევ ერთხელ მოვუბოდიშებ განსაკუთრებით, ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარე სამუშაოების ატანა უწევდა, რაც ნამდვილად რთული იყო.
მადლობას ვუხდი საზოგადოებას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც საპატრულო პოლიციის მეშვეობით მაქსიმალურად გვეხმარებოდა მოძრაობის დარეგულირებაში. მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვენს დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აქ გადაადგილება კომფორტული, ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული და ქალაქი კეთილმოწყობილი იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.