ის, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შეიქმნა და ჩვენ ვიყავით ინიციატორები, ამის ერთ-ერთი პირდაპირი შედეგი და გამოძახილია ამ ადამიანების მიმართ საერთაშორისო დევნის დაწყება. ეს არის კარგი გზავნილი კონკრეტული პირების მიმართ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებებს არღვევენ, რომ მათაც იგივე ბედი ელით. კარგი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯია, მაგრამ საკმარისი არ არის, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
როგორს ის განმარტავს, მთავრობამ შეცდომა დაუშვა, როცა სიაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არ შეიყვანა.
„ველოდებით მთავრობის მხრიდან რეაგირებას. მათ შეცდომა დაუშვეს, როდესაც არ შეიყვანეს სიაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, საუბარია „ეფ ეს ბეს“ ძალების წარმომადგენლებზე, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ეფექტიან კონტროლს ე.წ. საზღვარზე, საოკუპაციო ხაზზე. ისინი არიან პასუხისმგებელი ჩვენი მოქალაქეების გატაცებებზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა თუ მკვლელობაზე. სამწუხაროდ, ისინი არ შეიყვანეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში და შეიყვანეს პირები, რომლებიც გარდაცვლილი არიან. სია უნდა გადაიხედოს და ეს შეცდომა გამოსწორდეს“, – განაცხადა კაპანაძემ.