საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თბილისში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიის და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ბორივოჟ მინარიმ გახსნეს.
ბიზნეს-ფორუმი მიზანი ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეებს შორის საქმიანი კომუნიკაციის დამყარება და საქართველოსა და ჩეხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის გაღრმავება იყო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ჩეხურ კომპანიებს შორის.
ჩეხური მხრიდან წარმოდგენილი იყო 21 კომპანია შემდეგი სექტორებიდან: ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა, სამედიცინო ტურიზმი, მანქანათმშენებლობა. ღონისძიების ფარგლებში ქართულ ბიზნეს-სექტორთან საქმიანი კომუნიკაციის დასამყარებლად საქართველოში ჩამოვიდნენ ისეთი მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა: ŠKODA TRANSPORTATION a.s, ŠKODA ELECTRIC a.s, Energo Pro და სხვა. ქართული და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაემართათ მოლაპარაკებები პოტენციურ-ბიზნეს პარტნიორებთან.
2018 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის 35% -ით გაიზარდა და 55.82 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა; ექსპორტი 9% -ით გაიზარდა და 5.97 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 39% -ით გაიზარდა და 49.85 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„რიგით მე-4 ფორუმი ტარდება საქართველოსა და ჩეხეთს შორის ბოლო 2 წლის განმავლობაში, რაც მიუთითებს ჩეხური ბიზნეს-წრეების მხრიდან საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესზე. დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 20-ზე მეტი ჩეხური კომპანია ჩამოვიდა, მათ შორის არიან, როგორც მსხვილი კომპანიები, ასევე მცირე და საშაულო ბიზნესიც. ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი ღონისძიება შექმნის პლატფორმას იმისთვის, რომ მეტი კომუნიკაცია დამყარდეს საქართველოსა და ჩეხეთის ბიზნეს-წრეებს შორის და ეს აისახოს ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე“ - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ჩეხეთის სავაჭრო პალატასთან აქტიურად თანამშრომლობს. მხარეებმა 2016 წელს გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეებს შორის კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით ერთობლივ აქტივობებს ახორციელებენ. 2018 წელს მხარეებმა უკვე გაუკეთეს ორგანიზება ბიზნესის ორმხრივ შეხვედრებს თბილისში, ასევე, 2017 წელს ბიზნეს-ფორუმი გაიმართა ჩეხეთის დედაქალაქში, სადაც ორი ქვეყნის სავაჭრო პალატების ორგანიზებით, ადგილობრივ ბიზნეს-წრეებთან შესახვედრად 15-მდე ქართული კომპანია გაემგზავრა. მხარეთა თანამშრომლობის შედეგად ქართული ბიზნეს-სექტორი აქტიურად არის ჩართული ჩეხეთში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენებში. საქართველოსა და ჩეხეთის მთავრობებს შორის მუშაობს მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიაც, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა კომისიის წევრია და სხდომების ფარგლებში ბიზნეს-სექტორის ინტერესებისა და საჭიროებების პოზიციონირებას ახდენს.