ყველამ იცოდა, რომ ცხინვალიდან ხალხი გაყვანილია. ადამიანი, რომელიც იმ პერიოდში ცხინვალს ბომბავს, რუსულ დაკვეთას ასრულებს და რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ცხინვალი იბომბებოდა და ამას არავინ უარყოფს. სააკაშვილის დელეგაციამაც არ უარყო ეს, როდესაც საპარლამენტო ასამბლეა ამ საკითხს იხილავდა, - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, იზიარებს თუ არა სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა საკუთარი მოსახლეობა დაბომბა, ვოლსკიამბობს, რომ ეს პროვოკაციული შეკითხვაა.
„ეს პროვოკაციული შეკითხვაა. ვინაიდან ეს მე არ მითქვამს და არც სალომე ზურაბიშვილს უთქვამს. როცა კონტექსტიდან ამოიღებთ რასაკვირველია ასე გამოვა. მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო. აქ კონსპირაციული შეთანხმება იყო. ყველა ნიშანი არსებობს, რომ გარკვეული კონსპირაციული გარიგება მოხდა. მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვერ ვიტყვი, მაგრამ სააკაშვილზე ვიტყვი, რომელიც ომის წინა პერიოდში პუტინის საგანგებო წარმომადგენლის რეკომენდაციით იტალიაში იმყოფებოდა. ორი დღით ადრე „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი აცხადებდა, რომ რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებს, მაშინ, როცა რუსეთი ცხინვალში უკვე შემოჭრილი იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე განცხადებით, ეს რუსეთთან გარიგებაა, როდესაც სააკაშვილმა ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომ საქართველო უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა.
„მიუხედავად ამისა, მე მგონია, რომ ჰააგასა და სტრასბურგში საკმაოდ მძლავრი პოზიციები გაგვაჩნია, რათა სიმართლე გამოაშკარავდეს. რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია. პროვოცირება რუსეთმა გამოიწვია, რის შესახებაც ამერიკა და ევროკავშირი აფრთხილებდა და რასაც სააკაშვილმა ყური არ დაუგდო. ანუ ძალაუნებურად, ნებით თუ უნებლიედ, რუსეთის სტრატეგიული ინტერესების ნაწილი გახდა“, –აღნიშნა ვოლსკიმ.