განცხადება, რომ საქართველომ დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა, სიტყვასიტყვით რუსული პროპაგანდის ხაზის გამეორებაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ სალომე ზურაბიშვილი განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის დამბობმვა, განდევნა და ეთნიკური წმენდა არის დადასტურებული დანაშაული, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა.
მისივე განცხადებით, ამიტომ, ამ დანაშაულის საქართველოზე გადმობრალება და რუსული პროპაგანდის ტექსტის პირდაპირი გამეორება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევა შეიცავს პირდაპირ საფრთხეს ქართული სახელმწიფო ინტერესისთვის.
„იმედი მაქვს, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს საქართველოს პრეზიდენტი იყოს ადამიანი, რომელიც არამხოლოდ ომის დაწყებას აბრალებს საკუთარ ქვეყანას, არამედ პირდაპირ იმეორებს რუსულ პროპაგანდას, პირდაპირ ამართლებს ეთნიკურ წმენდას, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.