ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მას კლინიკაში ტოვებენ, რათა დამატებით გამოკვლევები ჩაუტარონ. აღნიშნული ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" ინგოროყვას კლინიკის პრესსამსახურიდან მიაწოდეს.
"პაცინეტის დიაგნოზია: ჰიპერგლიკემია და ჰიპობოლემიური მდგომარეობა. პაციენტთან მიმდინარეობს კორექცია, ამ დროისათვის მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა საჭიროებს დამატებით გამოკვლევებს და მონიტორინგს დინამიკაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პაციენტი რჩება კლინიკაში", - აცხადებენ კლინიკაში.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.
სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რადგან სამართალდამცველებმა მათ კარვების გაშლისა და გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ, ზაზა სარალიძემ პოლიციელებს საკუთარი შვილის ფოტო დაუდო და მიმართა, ზედ გადაევლოთ. კარვები რამდენიმე წუთის წინ საპატრულო პოლიციამ წაიღო.