ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს ადვოკატი, ფრიდონ სიხუაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა მიმდინარეობს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიმდინარეობს დისკრიმინაციული მოპყრობა. მოგეხსენებათ, არასრულწლოვანი მ.კ. -ს მძიმე დანაშაულის დაფარვაზე აქვს ბრალი წაყენებული და იგივე სასჯელს ითვალისწინებს, რასაც ჩვენი, ის ერთი წუთი არ ყოფილა დაკავებული. მ.კ.-ს მიმართ გამოყენებული იქნა აღკვეთის ღონისძიება - დედის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემა, ხოლო დ.ღ. პირველივე დღეს დააკავეს და დღემდე ამყოფებენ პატიმრობაში. ეს არის პირდაპირი დისკრიმინაცია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-5 მუხლის დარღვევა. ესეც კი უგულებელყო მოსამართლემ და დ.ღ. გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა.
პროკურატურას მხარი დაუჭირა სასამართლომ, დ.ღ. არის პირადი პატიმარი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. უნდათ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეიყვანონ შეცდომაში და აჩვენონ, რომ დ.ღ.-ს მიერ მიცემულმა ჩვენებამ თითქოს მართლმსაჯულებას შეუშალა ხელი", - აცხადებს სიხუაშვილი.