ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს ადვოკატი, ფრიდონ სიხუაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკანონო პატიმრობაში ამყოფებენ.
"დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროკურატურის პირადი პატიმარია ის არასრულწლოვანი, რომელსაც ამყოფებენ პატიმრობაში. მის მიმართ წაყენებული ბრალი აბსურდულია.
შესავალ სიტყვაში სასამართლოს დავუსაბუთეთ, რომ საქმეში არცერთი მოწმე, არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულს.
მოვითხოვეთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.
კონსტიტუციას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, ბავშვთა უფლებათა კონვენციას, ყველაფერს გადააბიჯა სასამართლომ და სრულიად უკანონოდ, დაუსაბუთებლად დაგვიტოვა არასრულწლოვანი პატიმრობაში", - აცხადებს სიხუაშვილი.
მისი განმარტებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და დ.ღ.-ს პატიმრობით საზოგადოებაზე ზემოქმედება სურთ.
"არცერთი მოწმე არ საუბრობს მის დანაშაულზე, მაგრამ გამოდის რომ პროკურატურა, სამართალდამცავები ცდილობენ საზოგადოებას აჩვენონ ვითომ დ.ღ.-ს მიცემული ჩვენებით დავით სარალიძის მკვლელი არ დადგინდა. ეს აბსურდია.
პირველი დღიდან დღემდე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სიმართლეს საუბრობს. სასამართლომ მხარი აუბა პროკურატურას და დ.ღ.-ს უკანონო პატიმრობაში ამყოფებს", - დასძენს სიხუაშვილი.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დ.ღ. 19 ივლისს დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.
არსებული ინფორმაციით, დ.ღ. მე-11 კლასის მოსწავლეა და ეს სწორედ ის პირია, რომელმაც სკოლის საპირფარეშოში კონფლიქტი დაიწყო.