1-ელი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსის მომსახურეობის გასაწევად ნებართვა ამ დროისათვის 425 სატრანსპორტო საშუალებაზეა გაცემული. ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია 1-ელი ოქტომბრამდე გაგრძელდება, ხოლო მოპოვებული ნებართვის მომსახურეობის გაწევა 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეეძლებათ.
შესაბამისი საბუთი ნებართვის მფლობელმა უნდა ამობეჭდოს და ტაქსის სალონში თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრას. ამავდროულად, მან ავტომობილის ძარაზე უნდა განათავსოს ყვითელი ტაქსის ნიშანი. 1-ელი ოქტომბრიდან საბუთის არქონის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით საპატრულო პოლიციისა ან თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერიამ ნებართვის მისაღებად სიმბოლური თანხა დააწესა: ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომანქანებისთვის - 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის - 50 ლარი, ხოლო ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტის წახალისებისთვის, ელექტრომობილების მფლობელები ნებართვას უფასოდ მიიღებენ. ნებართვის მისაღებად 2-თვიანი ვადაა დაწესებული.
ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყება და ყურადღება მიექცევა ტაქსის ვიზუალურ მხარეს - ფერს, გარდა ამისა, განისაზღვრება დამატებითი რეგულაციები მარჯვენასაჭიანი და 3-კარიანი ტაქსების მიმართ.