ეს არის თამამი და გაბედული პოზიცია რომ საპრეზიდენტო კანდიდატი შეარჩიო არა შენი პარტიული კუთვნილებით, არამედ გაცილებით უფრო ფართო ხედვით და დემოკრატიისთვის სასარგებლო შედეგების მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო პოზიცია აქვს.
მისივე თქმით, მმართველი პარტიისთვის ის, რომ შეიძლება, დათმოს საპრეზიდენტო თანამდებობა და სხვა, დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, ეს დემოკრატიის სრულიად ახალი კულტურაა
მისივე განცხადებით, იმის თქმა, რომ მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ იპოვის, არასერიოზულია.
„დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა არის სახელმწიფოებრივი და არა ვიწროპარტიული აზროვნება. მე ამას დავარქმევდი გაბედულ, თამამ ხედვას და მივესალმები. ჩვენ ბევრი ღირსეული კანდიდატი შეგვიძლია ვიპოვოთ საკუთარ გუნდში, მაგრამ ვიწოროპარტიულად არ ვიკეტებით და გაცილებით უფრო ფართო ჭრილში ვხედავთ დემოკრატიას. ეს მახარებს, მომწონს და მივესალმები“,-განაცხადა ბესელიამ.