ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს, გამომძიებლები სავრაუდოდ, ხვალ გამოკითხავენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს“ კობაურის საზოგადოებრივმა ადვოკატმა, ალუდა ბუჩუკურმა მიაწოდა.
ის კონკრეტულ დეტალებსა და დაცვის სტრატეგიაზე არ საუბრობს. თუმცა, აცხადებს, რომ დაკავებული კობაური ბრალს არცერთ ნაწილში არ აღიარებს.
„ამ ეტაპზე, თავს ვიკავებ რიგი საკითხების გასაჯაროებისგან. პოზიცია შეთანხმებულია, კომენტარს კი მანამდე ვერ გავაკეთებ, სანამ ის გამოძიებას არ მიაწვდის ინფორმაციას. მას უახლოეს დღეებში - ხვალ, ან ზეგ, გამოკითხავენ. კობაური ბრალს არცერთ ნაწილში არ აღიარებს“, - აცხადებს ბუჩუკური.
საზოგადოებრივი ადვოკატი არ საუბრობს იმაზე, განუცხადა თუ არა მას კობაურმა იგივე ინფორმაცია, რაც მის ყოფილ ადვოკატს, დავით გირგვლიანს. საუბარია, ბრალდებულის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საქმეში „კავკასიური წარმოშობის ორი მამაკაცი და შავი ფერის მანქანა ფიგურირებს“.
„დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე პასუხისგან თავს შევიკავებ“, - აცხადებს ბუჩუკური.
ცნობისთვის, 7 ივლისს, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.
აღნიშნული მკვლელობის საქმეზე 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რამდენიმე დღის წინ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაც გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, ლორა სმიტი გაუპატიურებულია.
საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატი მას შემდეგ ჩაერთო, რაც დავით გირგვლიანმა კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა.