სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს გადაწყვეტილება უცხო არ ყოფილა. პირველი ინსტანციის შემდეგ ეს გადაწყვეტილება არც გამკვირვებია, ამაზე კომენტარიც ზედმეტია, - განაცხადა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ.
გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს ჯერ უცნობია.
"გავასაჩივრებ თუ არა, გადაწყვეტილი არ მაქვს, ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. მოგეხსენებათ, დაუსწრებლად მიმდინარეობს საქმის წარმოება", - აცხადებს ადვოკატი.
როგორც ის განმარტავს საქმე პოლიტიკური ანგარიშსწორებით მიმდინარეობდა.
"პოლიტიკურ ნიშნებს რომ ვხედავდი, ამაზე თავიდანვე ვსაუბრობდი და დღესაც იგივე აზრზე ვრჩები.
რა მტკიცებულებების ბრალდების მხარეს საქმეზე წარმოდგენილი ჰქონდა, ყველაზე გვქონდა საპასუხო რეაქცია, საკმაოდ ვრცელი სააპელაციო საჩივარი წარვადგინეთ. თითქმის, ყველა საკითხს ვეხებოდით, მაგრამ მოგეხსენებათ, სააპელაციომაც არ გაითვალისწინა აღნიშნული", -დასძენს გოგლიჩიძე.
დაცვის მხარეს საპელაციო სასამართლოში ერთადერთი ახალი მტკიცებულება - " სასამართლოს მეგობარი" ჰქონდა წარდგენილი, რომელიც სასამართლომ საქმეს არ დაურთო. საუბარია, სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებულ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, შეწყალების უფლება პრეზიდენტს კონსტიტუციურად აქვს მინიჭებული და ამის გამო ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ უნდა მიეცეს.
"რატომ არ გაიზიარა სახალხო დამცველის დასკვნა და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, თავის განაჩენში ექნება ნამსჯელი. დღეს სასამართლომ ამასთან დაკავშირებით, არანაირი კომენტარი არ გააკეთა. სახალხო დამცველის წარმომადგენელიც ზუსტად იგივეს ამბობდა, რომ აღნიშნულ საქმეზე შეუძლებელი იყო გადაწყვეტილება - გამამტყუნებელი განაჩენი მიღებულიყო, რადგან ეს იყო შეწყალების თემა", - აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დატოვა ძალაში.
სასმართლომ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. მასვე 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.