დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე დღეს მოწმე ზურაბ იმერლიშვილი გამოიკითხა, რომელიც საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი.
„12 საათი ხდებოდა, რომ წასვლას ვაპირებდი, მაგრამ დავინახე, სპეცრაზმი მისული იყო რუსთაველის მხრიდან, პარლამენტის და ქაშუეთის ეკლესიის მხრიდან, მერე დავიძარი თავისუფლების მოედნისკენ. ამ დროს დაიწყეს მოწოლა სამართალდამცველებმა. ყოფილ პიონერთა სასახლესთან რომ მივედი, ერთმა შემაგინა და თავში უკნიდან ხელკეტი დამარტყა, მერე – ფეხებში და ალბათ იმაზე გამწარდნენ, რომ წავიქეცი. მერე სამი მოვიდა და სამგან მქონდა თავი გადაჩეხილი. როცა დამაგდეს და ხელები შემიკრეს, მერე წამიყვანეს და მეტროსთან დამაგდეს. სისხლი მომდიოდა. დიაბეტი მქონდა. ვუთხარი პოლიციას, რამე არ დამემართოს-მეთქი. სისხლი მომდიოდა და დაფარული მქონდა სახე. მერე მიკროავტობუსებით წაგვიყვანეს პოლიციის სამმართველოში, იქ შემოდიოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ხალხს, კაცს პირი გააღებინეს და ჩააფურთხეს“, – განაცხადა მოწმე ზურაბ იმერლიშვილმა.
ამ საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.