ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ განაცხადა, რომ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია ყველა შესაბამისიი ექსპერტიზა.
"საქმეზე დაინიშნა სასამმართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც უნდა გაერკვია სიკვდილის უშუალო მიზეზები. ასევე, რამდენი ჭრილობა ჰქონდა, რომელი ჭრილობა რა ხარისხის იყო და ამ ჭრილობის ზომები. შემდეგ, როგორც კი მივიღეთ აღნიშნული სამედიცინო დასკვნა, ჩვენს მიერ დაინიშნა კომისიური ტრასოლოგიური ექსპერტიზა და მიეცა კონკრეტული დავალებები, კითხვები ექსპერტებს, რომ გაერკვიათ რომელი ჭრილობა რომელი დანით იყო მიყენებული.
ასევე, წარედგინათ აღნიშნული დანები - როგორც თქვენთვისაა ცნობილი, საქმეში ორი დანაა ამოღებული, ემთხვეოდა თუ არა ჭრილობის სიგრძეს, სიგანეს. ასევე, გაიგზავნა ორივე მიცვალებულის ტანსაცმელი ექსპერტიზაზე და მოხდა ამათი შედარება. ზუსტად ეს განსაზღვრავს იმას, რამდენი საგნით შეიძლება იყოს მიყენებული ჭრილობა. სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენცია არ არის ის, რომ დაწეროს და მიმოიხილოს რამდენი იარაღი არის საქმეში. ექსპერტი განგვისაზღვრავს ჭრილობათა რაოდენობას, ჭრილობათა სიღრმეს, ჭრილობის მიმართულებას, ჭრილობის სიგანეს - გვიწერს მილიმეტრული სიზუსტით. ასევე, გვიწერს, თუ რომელი ჭრილობა არის სასიკვდილო, რომელი ჭრილობა არის შემავალი, რომელი ჭრილობა არ არის შემავალი და რა დონის დაზიანება მიიღო - სწორედ ეს არის სამედიცინო ექსპერტის კომპეტენცია. სამედიცინო ექსპერტმა უნდა განგვისაზღვროს ზემოთ აღნიშნული საკითხები. როგორ უნდა დაგვიწეროს ექსპერტმა რამდენი დანით არის მიყენებული?!“, - აცხადებს ფიფია.