„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართავს, რათა მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებამდე გათვალისწინებული იქნას იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრის, თეა წულუკიანი როლი სასამართლო სისტემის წარუმატებელი რეფორმების პროცესში და იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე ისეთი კანდიდატი შეირჩეს, რომელსაც აქვს მკაფიოდ გამოხატული ხედვა, რეფორმის შემდგომი მიმართულებების თაობაზე.
"ბატონო მამუკა,
იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობის მომავალი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მართლმსაჯულების სისტემის არსებითი და სრულფასოვანი რეფორმირება იქნება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" წლებია სწავლობს სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას და შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს როგორც სასამართლო სისტემის, ისე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას. ჩვენი ორგანიზაციის უკანასკნელი კვლევის, „კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში", მიგნებებმა შემაშფოთებელი ტენდენციები გამოავლინა, რაც მთავრობის მხრიდან ძირეული რეფორმების გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.
წლებია, იუსტიციის მინისტრის არათანმიმდევრული პოლიტიკა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით და მინისტრ თეა წულუკიანის უშუალო ჩართულობით ექვსი წელი მიმდინარეობდა კლანურობის პრინციპით შერჩეული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესში გადაიზარდა და ხელი შეუწყო კორუფციის რისკების ზრდას სისტემაში.
მოგმართავთ თხოვნით, მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებამდე გაითვალისწინოთ იუსტიციის მინისტრის როლი სასამართლო სისტემის წარუმატებელი რეფორმების პროცესში. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე წარადგინოთ ისეთი კანდიდატი, რომელსაც სიღრმისეულად აქვს გააზრებული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები და ამასთანავე აქვს მკაფიოდ გამოხატული ხედვა, რეფორმის შემდგომი მიმართულებების თაობაზე.
აქვე, დანართის სახით, გიგზავნით ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევას „კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში" და გამოვთქვამთ მზადყოფნას შეხვედრისთვის, რა დროსაც მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას კვლევაში გაკეთებული მიგნებებისა და ჩვენი ორგანიზაციის ხედვის შესახებ სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმებისთვის", - წერია წელილში.
დანართი: კვლევა - „კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში"