ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სასტუმრო ''ლეოგრანდის'' საქმეზე ბრალდებული ორი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე იმ გამომძიებლებს გამოკითხავენ, რომლებმაც სასტუმროში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
ცნობისთვის, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე 23 მარტს, 2 მენეჯერი - თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
25 მარტს კი, მოსამართლემ ბრალდებულებს: გიორგი მიქელაძესა და ფათიჰ იაუზის ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ პროცესზე, გირაოს სახით 20 000 ათასი ლარის გადახდა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით, 22:00 საათზე გაჩნდა.
ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი - თურქეთის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.