ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ქორეპისკოპოს იაკობს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო სასამართლოში უჩივლა. აღნიშნულ სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 21 ივნისს, 10 საათზე განიხილავს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენთან“ რამიშვილი განმარტავს, ქორეპისკოპოსმა მას მიზანმიმართულად დასწამა ცილი.
„ ხვალ იწყება მეუფე იაკობთან სასამართლო პროცესი იმ წილისწამლებლური განცხადებისთვის, რომელიც ვაჟბატონმა ჩემი მისამართით პირდაპირ ეთერში გააჟღერა. მტკიცებით ფორმაში თქვა, „მაგას ხომ არ ავიწყდება, გირგვლიანის საქმეში ჩანერგილი რომ იყო, როგორც პროვოკატორი და ინფორმაცია მიჰქონდა დათა ახალაიასთანო“.
ეს იყო მიზანმიმართული წილისმწამებლური ინფორმაცია. 90-იანი წლების კრიმინალს რომ მეძახდნენ ირაკლი მამალაძე და ნანა კაკაბაძე, ამას სპეციალურად აკეთებდნენ, რომ ხალხს ჩემ მიმართ ავტორიტეტი და ნდობა აღარ ჰქონოდა. ამან რომ აღარ გაჭრა, გეგმა „ბე“ ჩართეს, მაინც ქორეპისკოპისია და ხალხი დაიჯერებსო. თუმცა, ამაშიც შეცდნენ, ხალხმა მაინც არ დაიჯერა უსახელოს ეს ნათქვამი“, - აცხადებს რამიშვილი.
როგორც ის აღნიშნავს, სანამ სასამართლოს მიმართავდა, ქორეპისკოპოსთან შეხვედრა სცადა, შემდეგ კი, საპატრიარქოსაც მიმართა, თუმცა, მათი მხრიდან მის განცხადებებს რეაგირება არ მოჰყოლია.
„ძალიან ვეცადე პირადად შევხვედროდი უსახელოს, მაგრამ მიუხედავად ჩემი დიდი მონდომებისა, ჩემთან შეხვედრაზე უარი თქვა. შემდეგ წმინდა სინოდს მივამრთე, თქვენი კანონის მიხედვით, საეკლესიო სასამართლო მოავწყოთ-მეთქი და უარი მითხრეს. ამის შემდეგ უკვე იძულებული გავხდი სასამართლოსთვის მიემართა“, - დასძენს ადვოკატი.
ის სასულიერო პირისგან მორალური ზიანის ანაზღაურებასაც მოითხოვს.
„ძალიან ბევრი ფული აქვს იაკობს და მეშინია არ დაამძიმოს. ფულში ცურაობენ, ზღვაში ჰგონიათ უკვე თავი. ვიმედოვნებ, მოსამართლე დამოუკიდებელი, გონიერი იქნება და არა შეშინებული. კანონის წინაშე ყველანი თნასწორი ვართ, ეს ქორეპისკოპოსი იქნება, თუ პრეზიდენტი, კანონი უნდა იყოს უზენაესი.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა, მიხეილ რამიშვილს ერთ-ერთ სატელევზიო ეთერში გირგვლიანის საქმეში ჩანერგილი აგენტი უწოდა.