მთავრობა საგადასახადო და საბაჟო კოდექსებში რადიკალური ცვლილებების შეტანას გეგმავს.
როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე განმარტავს, არსებული კოდექსი გამოწვევებს ვეღარ პასუხობს.
„დღეს ის გამოწვევები რაც აქვს საქართველოს ეკონომიკას გულისხმობს ამავე დროს იმას, რომ ჩვენ აუცილებელ რეჟიმში დავიწყოთ საგადასახადო და საბაჟო კოდექსის ცვლილება. რატომ? იმიტომ, რომ არსებული კოდექსი არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არის ჩვენი ეკონომიკის წინაშე. ის უნდა გავხადოთ უფრო მარტივი, გაცილებით უფრო ადვილი და კომფორტული“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ კოდექსის შემუშავებაში მაქსიმალურად იქნება ჩართული კერძო სექტორიც, რადგანაც მისი თქმით, კერძო სექტორმა უკეთ იცის თუ რა საჭიროებებია ეკონომიკაში.
„მე გთავაზობთ რომ ახალი კოდექსი შევქმნათ ღია პლატფორმაზე საჯარო და კერძო სპექტრის მონაწილეობით“, - დასძინა მამუკა ბახტაძემ.