შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ორი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებს.
როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, აღნიშნული პირები წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის არიან დაკავებული.
"ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც სავარაუდოდ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, აქციის მონაწილეებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. პოლიციელები შეეცადნენ მის გამოყვანას. აქციის მონაწილეები მას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. შედეგად ორივე მხრიდან მოხდა თითო ადამიანის დაკავება. დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით", - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
ცნობისთვის, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციაზე სამი პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.