იუსტიციის მინისტრის პოსტიდან თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნა სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებულია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული.
პრემიერი განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუღებელია, არასამთავრობოებმა ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენონ პროცესის ლეგიტიმაცია.
"მინდა, გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის მოთხოვნას, რომელიც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის სანაცვლოდ იუსტიციის მინისტრის გადადგომის პირობას აყენებს.
ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას უზრუნველვყოფთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესში საზოგადოების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. იუსტიციის სამინისტრომ კანონის შესაბამისად პროცედურები უკვე დაიწყო.
მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი, ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს და თუ მათი მიზანი მართლაც პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას, ეს არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ.
მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ ახალი მთავარი პროკურორი იუსტიციის მინისტრმა აღარ უნდა შეარჩიოს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ, თეა წულუკიანი გადააყენოს.