ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ვადას 10 ივნისამდე აძლევს.
როგორც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ სარალიძემ განაცხადა, ის აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე რჩება, რომ თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, სისტემა უნდა ჩამოიშალოს.
„აბსოლუტურად ყველა პირი უნდა იყოს დაკავებული – ვინც იყო მკვლელი; ვინც დანაშაული ჩაიდინა; რომელმა გამომძიებელმა რა დანაშაული ჩაიდინა; რომელმა პროკურორმა რა დანაშაული ჩაიდინა; ვინ მფარველობდა ამ პროკურორებს; ვინ მფარველობდა გენპროკურორს და აბსოლუტურად ყველაფერი“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისივე თქმით, ის დააკვირდება 10 დღის განმავლობაში, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება, თუმცა ამის პარალელურად აქციები კვლავ გაგრძელდება.
„შევხედავ კონკრეტულ ნაბიჯებს 10 დღის განმავლობაში. იგივე პოზიცია მაქვს, მე არც სახლში ვაპირებ წასვლას. იგივე პოზიცია მაქვს ამ წუთშიც და ბოლომდეც. რა თქმა უნდა, პარალელურად აქციები გაგრძელდება“, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
მისივე განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გადადგება თუ არა თანამდებობიდან.
„საბოლოო სიტყვა ის მითხრა, მე გადავდგები თუ არა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვსო, მაგრამ კონკრეტული მოთხოვნები წაყენებული გვაქვს გადადგომასთან დაკავშირებით, 10 რიცხვამდე თუ კონკრეტულ ნაბიჯებს არ დავინახავთ, აქედანვე მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველას, მთელ საქართველოს“, – დასძინა სარალიძემ.