უტყუარად დავადასტურეთ, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორი, ბრალდების პოზიცია კი დაუსაბუთებელი, - განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.
მისი განმარტებით, ბრალდებამ ვერ შეძლო დაესაბუთებინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც მთელი სხდომის განმავლობაში აპელირებდნენ.
"დასრულდა საქმის განხილვა. მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. ხვალ სასამართლო გამოაცხადებს უკვე განაჩენს და ჩვენ გავიგებთ სარეზოლუციო ნაწილს. ჩვენი მოლოდინია და დარწმუნებული ვართ, იმაში, რომ სასამართლო არ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომელიც არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ბრალდებამ ვერ შეძლო დაესაბუთებინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც მთელი სხდომის განმავლობაში აპელირებდნენ. ფაქტობრივად საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა მთლიანად გააბათილა ის, რაც დაფიქსირებულია ბრალდების დადგენილებაში.
ნაცვლად იმისა, რომ დადგენილიყო ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ბრალის დადგენილებაშია მითითებული, პირიქით, გამოირიცხა, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ჭეშმარიტებასთან შესაბამისია. დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში და ასევე რეპლიკების ეტაპზე, სრულად დავადასტურეთ ჩვენი პოზიცია, მოვიყვანეთ შესაბამისი მტკიცებულებები. ჩვენ არ დავაიგნორეთ მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, ბრალდების მხარემ კი საკუთარი მოწმის ჩვენებები, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა მათ პოზიციას სრულად დააიგნორა და მიაწერა ისეთი ფრაზების წარმოთქმა, რაც მოწმეებს საერთოდ არ ჰქონდათ ნათქვამი. შესაბამისად, ბრალდების მხარეს ჰქონდა მცდელობა შეცდომაში შეეყვანა სასამართლო, თუმცა, ჩვენ ბრალდების მხარისგან განსხვავებით, სიტყვასიტყვით მოვახდინეთ მოწმეთა ჩვენებების ციტირებები და უტყუარად დავადასტურეთ, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორი, ბრალდების პოზიცია კი დაუსაბუთებელი", - აცხადებს კაკაბაძე.