ENG / RUS       12+

საქართველო ცხინვალიდან - სტრასბურგის ფრონტზე

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაიმართა ბოლო ზეპირი მოსმენა სახელმწიფოთაშორისი სარჩელისა „რუსეთი-საქართველოს წინააღმდეგ“. ამ სასამართლო დავის შედეგს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რუსეთისთვისაც  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც მოსკოვი „ხუთდღიანი“ (სინამდვილეში დღენახევრიანი) ომის 10 წლისთავისათვის ემზადება და ამ იუბილეს ზარზეიმით აღნიშვნას აპირებს. ამაზე რუსულ ტელესივრცეში სხვადასხვა გადაცემათა მომზადება მეტყველებს და იმ კონფლიქტის სულ უფრო და უფრო ხშირი ხსენება. ისევე, როგორც ზოგადად „Грузия“-ს თემისა.

მოსკოვის დაინტერესება ამ შემთხვევაში გასაგებია: სამწუხაროდ და სავალალოდ, ის ომი რუსეთმა მოიგო პირწმინდად, აბსოლუტურად ყველა ფრონტზე, არა მხოლოდ სამხედრო არამედ პოლიტიკური და PR-თვალსაზრისით! გავიხსენოთ თუნდაც  ტალიავინის ე.წ. „დასკვნა“, რომელშიც ფაქტიურად საქართველოა დადანაშაულებული 8 აგვისტოს შეიარაღებული კონფქლიქტის  დაწყებაში (რაც უსინდისო ტყუილია - იმ კონფლიქტის პროვოკატორები პრორუსი სეპარატისტები იყვნენ 1 აგვისტოდან); ასევე სრული „ტაბუ“ საქართველოს ხსენებაზე დასავლელი ლიდერების მხრიდან 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბრის შემდეგ და ის, რომ რუსეთის წინააღმდეგ, განსხვავებით უკრაინის ქეისისგან, მაშინ არანაირი სანქციები არ შემოუღიათ.

ასეთი „წარმატება“ კრემლს უკრაინულ ომში არა აქვს: ერთმნიშვნელოვნად დაადანაშაულეს ყოველგვარი პროსტიტუირებული „დასკვნების“ გარეშე და სანქციებიც შემოიღეს. ჯერ არ არის „გადამწყვეტი“ და ნამდვილად მტკივნეული სანქციები, მაგრამ მაინც სანქციებია! ხოლო უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის თემა დღეს დასავლეთის მთავარი, მეინსტრიმული „ნარატივია“.

შესაბამისად, მოსკოვი ცდილობს „2008წ - საქართველოს“  თემის ხელმეორე, მძლავრი  „გაფიარებით“ მომგებიანი ტრენდი დაიბრუნოს. მაგრამ თუ ევროსასამართლო აგვისტოს ომის გამო სწორედ რუსეთს გაამტყუნებს და სანქციებს დააკისრებს, ეს მისი სერიოზული პოლიტიკური მარცხი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე.  

აქედან გამომდინარე, ქართული და რუსული მხარეები ამ პროცესისთვის ძალიან კარგად მოემზადენ. ორივემ საუკეთესო ბრიტანელი ადვოკატები დაიქირავა: თბილისმა-ბენ ემერსონი, მოსკოვმა -  მაიკლ სვეინსტონი. ისინი „სამეფო ადვოკატებად“ ითვლებიან და დიდი გამოცდილებაც აქვთ: ემერსონი ლონდონში მზაკვრულად მოწამლული ექს-აგენტის, ალექსნადრე ლიტვინენკოს ოჯახის ინტერესებს იცავდა, ხოლო სვეინსტონი - მოსკოვს წარმოადგენდა ენერგოკომპანია  „იუკოსის“ ქეისში, რომელიც დაპატიმრების შემდეგ პუტინმა მიხეილ ხოდორკოვსკის წაართვა, რათა დაესაჯა იგი ლიბერალური ოპოზიციის დაფინანსებისთვის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სახელმწიფოთაშორისი სარჩელი საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა. 2011 წელს, ხანგრძლივი დავის შემდეგ, სტრასბურგმა იგი განსახილველად მიიღო. თბილისმა თავიდანვე სწორი ტაქტიკა აირჩია და ორ დებულებას ეყრდნობოდა:

1) საერთაშორისო სამართლის თანახმად, სწორედ რუსეთი აგებს პასუხს ყველაფერზე, რაც ხდებოდა რუსული არმიის კონტროლირებად ტერიტორიაზე მაშინაც კი, თუ ადამიანის უფლებებს არა რუსეთის არმია, არამედ მისი „მოკავშირე“ სეპარატისტული ფორმირებები სჩადიოდნენ.

2) რუსეთის არმიამ დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, დაბომბა კონფლიქტის ზონის გარეთ (!) მდებარე ქალაქები და სოფლები, გამოიყენა საერთაშორისო კონვენციით აკრძალული „კასეტური ბომბები“ და ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“

„ისკანდერზე“ აქცენტი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული სვლაა! იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ფაქტის უარყოფა სრული აბსურდია და რუსეთს იდიოტურ, სასაცილო მდგომარეობაში აყენებს, რაკი 800 კილოგრამი ნამსხვრევია შეგროვებული და უმაღლესი კვალიფიკაციის სამხედრო ექსპერტების მიერ დადასტურებული. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს გორის ცენტრის „ისკანდერით“ დაბომბვისას ჰოლანდიელი ტელეოპერატორი სტან სტორემანსი დაიღუპა და ეს პირდაპირი „ლინკია“ რუსული რაკეტით მალაიზიური „ბოინგის“ განადგურებაზე უკრაინული კონფლიქტის დროს, რასაც ასევე უტიფრად უარყოფს რუსული გენერალიტეტი;

  გარდა ამისა, „ბალისტიკური რაკეტა“ ზუსტად ხვდება ამჟამინდელ საერთაშორისო ტრენდში, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის პარალელურად, რუსეთი არღვევს „საშუალო და ნაკლები სიშორის“ რაკეტათა აკრძალვის ისტორიულ შეთანხმებას (500კმ - 3000კმ სიშორემდე) და ყველა დასავლელი ექსპერტი ერთხმად ამტკიცებს: „ისკანდერი“ ანუ, ნატოს კლასიფიკაციით SS-26, იმითაა უნიკალური, რომ მართალია ფორმალურად მისი სიშორე სულ 450 კილომეტრია, მაგრამ იოლად შეიძლება  მოდერნიზება ისე, რომ „კალინინგრადიდან“ არათუ ბერლინს, არამედ პარიზსაც მისწვდება!  ასეთი პერსპექტივა კი აშინებს დასავლეთს და „საქართველოს ქეისსაც“ ვეღარ პასუხობს ისეთი „ხელაქნევით“ („ნუ გაგვიჭირეთ ამ ქართველებმა საქმე და ნუ გვიფუჭებთ ურთიერთობას დიდ პარტნიორ რუსეთთან!“), როგორც 2008-2009 წლებში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მომენტი, რაზეც ჩვენში არ საუბრობენ არც ხელისუფალნი,  არც ჟურნალისტები, არც  დაზარალებულები თუ მათი ნათესავები: ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სტრასბურგის სასამართლოს, იმ 1500 თუ 1700 „ინდივიდუალური სარჩელს“ შორის, რაც ეხება მკვლელობებს, სახლ-კარის გადაწვას, დეპორტაციას...... წარუდგინეს ასევე რამდენიმე ათეული გაუპატიურებული ქართველი ქალის საქმე.

იმის გათვალისწინებით, რამდენად მგრძნობიარეა ევროპა ამგვარი ქეისების მიმართ, ეს საქმეები (თუნდაც ოსურ ფორმირებებს ეხებოდეთ და არა რუსულს) მნიშვნელოვნად „დაუმძიმებს“ მდგომარეობას რუსულ მხარეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამრიგად, თუ საქართველომ პროცესი  მოიგო და რუსეთი სტრასბურგის სასამართლომ გაამტყუნა, თანამედროვე რუსულ „დერჟავულ საზოგადოებაში“ 2008 წლის ომს კი ექნება მაინც „წარმატება“ (სტრასბურგის ვერდიქტს მათ არავინ შეატყობინებს) მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე იმ მოვლენებს რუსეთი ნამდვილად ვეღარ გამოიყენებს დღევანდელ თუ მომავალ აგრესიათა „გასაპრავებლად“; გარდა ამისა, „არაღიარების პოლიტიკა“ ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართ კიდევ უფრო განმტკიცდება და აბსოლუტურად შეუვალი გახდება, რაც სამომავლოდ (თუნდაც ისტორიულ პერსპექტივაში) ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს გვიტოვებს.

სეპარატისტულ რეგიონთა საერთაშორისო აღიარების პროცესი ამ შანსს სამუდამოდ მოკლავდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და ბოლოს: გაუთავებლად შეიძლება ვიდავოთ იმაზე, რა წვლილი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს იმ ომამდე „საქმის მიყვანაში“ (უშუალოდ 7 აგვისტოდან მისი ბრალეულობა არის ზუსტად ნულის ტოლი - მაშინ უკვე სხვა გამოსავალი არ არსებობდა!); ანუ იმის შესახებ, თუ რამდენად განაპირობა რუსული აგრესია მისმა რადიკალურმა პოზიციამ მოსკოვის მიმართ, როცა საშინლად აღიზანებდა კრემლს ყირგიზეთში, ბელორუსში, იმავე უკრაინაში და ბოლოს თვით რუსეთში (გივი თარგამაძისა და ე.წ. „ბოლოტნაიას“ საქმე) „ხავერდოვანი რევოლუციის“ ექსპორტის მცდელობით, ასევე NATO-სა და ამერიკის სამხრეთ კავკასიურ საქმეებში ბევრად აქტიურად „შემოყვანის“ სურვილით, 2006 წელს რუსი ჯაშუშების სამსოფლიო „თავსლაფდასხმის“ ორგანიზებით, 2007 წელს საქართველოდან რუსული ჯარის გაძევებით და ა.შ. მაგრამ ერთი რამ სრულიად უეჭველია დღევანდელი გადასახედიდან: სააკაშვილის ტაქტიკა, რომ ეს კონფლიქტი წარმოჩენილიყო არაქართულ-ოსურ“, არამედრუსეთ-საქართველოსკონფლიქტად როგორც 7 აგვისტომდე, ასევე 7 აგვისტოს მერე (რასაც ზოგიერთისასარგებლო იდიოტიეწინააღმდგებოდა) იყო აბსოლუტურად სწორი და მიზანშეწონილი! ხოლო მისი ცნობილი ნაბიჯი (9 აგვისტოს) რათა რუსეთი გამოსულიყო „მშვიდობისმყოფლის“ პოზიციიდან და გამოჩინა ნამდვილი განზრახვა, იყო ცინიკური, მაგრამ მიზანშეწონილი და გამართლებული!

წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთის დამოკიდებულება ამჟამად სულ სხვა და ჩვენთვის მომაკვდინებელი იქნებოდა.

ნიკა იმნაიშვილი

ავტორი: . .