ლომბარდების რეგულაციების კანონპროექტს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის სხდომაზე სავარაუდოდ, 25 მაისს წარადგენს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა 18 მაისს განაცხადა და აღნიშნა, რომ დაუშვებელი საფინანსო სექტორში ასიმეტრიული რეგულაციის არსებობა.
„საფინანსო ბაზარზე ყველა მოთამაშეზე, განურჩევლად იმისა ფიზიკური თუ იურიდიული პირია, უნდა ვრცელდებოდეს ერთიანი რეგულაცია“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, რეგულაციების ახალი ინიციატივა რამდენიმე მიმართულებას ითვალისწინებს. ის ეხება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ჭერის შემცირებას (სავარაუდოდ 100%-დან 50%-მდე), ჭერის დაწესებას ჯარიმებზე.
ინიციატივის მიხედვით, კრედიტორმა ჯარიმა/საურავები უნდა დაითვალოს ნარჩენი თანხიდან და არა თავდაპირველად გაცემული კრედიტის მიხედვით. ასევე შემოდის შეზღუდვები რეგისტრირებულ ქონებით ლომბარდულ სესხებთან დაკავშირებით. რეგისტრირებული ქონება მოიცავს ავტომობილებს და უძრავ ქონებას.
„საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ღონისძიებები, გრძელვადიან პერიოდში, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ეკონომიკის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში 875 ლომბარდია. ლომბარდების მიერ 2017 წელს გაცემული კრედიტების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა. ამავე სტატისტიკით, 2017 წელს საქართველოს მოსახლეობის 16% ლომბარდების მომხმარებელია. გასულ წელს ლობარდებში თანხა 609.4 ათასმა პირმა ისესხა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 99,6 პროცენტი) ფიზიკური პირია.