პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის" მიერ ორგანიზებულ ფორუმში „ახალგაზრდა გოგონების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში".
ნინო წილოსანი ფორუმის მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნა, რომ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდა და მომავალი თაობის გოგონათა გაძლიერებას, რადგან ამ კუთხით არასახარბიელო მდგომარეობაა.
„ერთ-ერთი ძირითადი მესიჯი, რომელიც თქვენთან მინდა გავაჟღერო არის ის, რომ თქვენი ყველაზე დიდი ძალა არის და იქნება განათლება, რომელსაც მიიღებთ. ეს არის ძალა, რომელსაც ვერ დათრგუნავს ვერანაირი სხვა ალტერნატიული ძალა, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც აუცილებლად დაფასდება განათლება. ეს იქნება ყველაზე ძლიერი იარაღი, რომ სწორად და სათანადოდ მოახდინოთ საკუთარი თავის რეალიზება", - მიმართა მან ახალგაზრდა გოგონებს.
ნინო წილოსანმა ფორუმში მონაწილეებს გენდერული საბჭოს ფუნქციები და მიზნებიც გააცნო.
„როგორც გენდერული საბჭოს წევრი, აქტიურად ვარ ჩართული ქალთა გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებში. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მოხდა, იყო 2017 წელს სტამბულის კონვენციის რატიფიცირება. ეს არის კონვენცია, რომელშიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა ასპექტია გაწერილი. ამ კონვენციის შესაბამისად, დაახლოებით, 24 კანონში შევიდა ცვლილება, რითაც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გამარტივდა", -განაცხადა ნინო წილოსანმა.
პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებთან საუბრისას, ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკაზე, ქალების ეკონომიკური გაძლიერების აუცილებლობაზე, პოლიტიკაში ქალთა აქტიურად ჩართვის მნიშვნელობაზე.
„უფრო მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს იმ კანონპროექტების მიღებას, რომელიც მიმართული იქნება ქალების ინტერესების დასაცავად. დღეს მსოფლიო თანხმდება, რომ გენდერულად ნეიტრალური კანონი არ არსებობს, რადგან ყველა კანონს აქვს კონკრეტული ეფექტი ქალებსა და მამაკაცებზე. შესაბამისად, გენდერული თანასწორობის საბჭოში დაწყებული გვაქვს ძალიან დიდი სამუშაო კანონმდებლობისა და ახლად შემოსული კანონპროექტების გენდერულ ანალიზზე - თუ რა გავლენა და რა ეფექტი ექნება კონკრეტულ კანონს ქალებზე", -აღნიშნა ნინო წილოსანმა.