საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებში მიიღო მონაწილეობა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად საქართველოს მთავრობის ძალისხმევისა, რუსეთის ფედერაციის მიერ უპატივცემულობა წარმოადგენს კონფლიქტის მოგვარების ძირითად დაბრკოლებას.
„რუსეთი აგრძელებს გაერო-ს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების, ისევე როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს (UNSC) 39 რეზოლუციის დარღვევას. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 10 წელი გავიდა და რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ევროკავშირის მედიაციით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM), ერთადერთი წარმოდგენილი საერთაშორისო მექანიზმი, ვერ ახერხებს საკუთარი მანდატის სრულყოფილად განხორციელებას, რადგან რუსეთის ფედერაციის უკანონო სამხედრო ოკუპაციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევა. შეთანხმების მე-5 პუნქტის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები და დაუშვას ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების არსებობის შესაძლებლობა“ - აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხებზე.
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი გარემო საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლესა და ძირითად უფლებებს. გასულ წელს, საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მოკლა. ამ წლის დასაწყისში კი ცხინვალის რეგიონში დაკავებული კიდევ ერთი ქართველის, არჩილ ტატუნაშვილი სასტიკი მკვლელობა მოხდა. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააძლიეროს ბრძოლა დაუსჯელობასა და დამნაშავეების პასუხისგებაში მისაცემად ყველა მექანიზმი გამოიყენოს"-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.