23 მაისს, 09:30 საათზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ჩეხეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით თბილისში, ჩეხეთის საელჩოში (ილია ჭავჭავაძის გამზ. 37, ნაგებობა 6) საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას 12 ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები მიიღებენ.
ფორუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტი ჟირი სესტაკი და ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტომას პერნიცკი გახსნიან. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაკეთდება პრეზენტაციები საქართველოსა საინვესტიციო პოტენციალისა და ჩეხეთის ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიების საქმიანობის შესახებ.
ბიზნესფორუმი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კონტაქტების დამყარებას ისახავს მიზნად. ქართული და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გამართონ მოლაპარაკებები პოტენციურ-ბიზნეს პარტნიორებთან.
ჩეხეთის ბიზნესდელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: ფიტოთერაპიული მედიკამენტების წარმოება, ჯანდაცვის ინოვაციური მეთოდები, ფარმაცევტიკა, ლოგისტიკა, სადაზღვევო სექტორი, საყოფაცხოვრებო-სარემონტო მასალების წარმოება, საბანკო სექტორი, ავტონაწილების წარმოება, ნავთობ-პროდუქცია და სხვ. ადგილობრივ ბიზნეს-წრეებთან შესახვედრად და საქმიანი მოლაპარაკებების გასამართად საქართველოში ჩეხეთიდან ბიზნეს-დელეგაცია ჩამოვიდა, რომელიც ჩეხური კომპანიების 20-მდე წარმომადგენლისგან შედგება.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ჩეხეთის სავაჭრო პალატასთან აქტიურად თანამშრომლობს. მხარეებმა 2016 წელს გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეებს შორის კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით ერთობლივ აქტივობებს ახორციელებენ. 2017 წელს ბიზნეს-ფორუმი ჩეხეთის დედაქალაქში გაიმართა, სადაც ორი ქვეყნის სავაჭრო პალატების ორგანიზებით, ადგილობრივ ბიზნეს-წრეებთან შესახვედრად 15-მდე ქართული კომპანია გაემგზავრა. ასევე, მხარეთა თანამშრომლობის შედეგად ქართული ბიზნეს-სექტორი აქტიურად არის ჩართული ჩეხეთში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენებში. საქართველოსა და ჩეხეთის მთავრობებს შორის მუშაობს მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიაც, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა კომისიის წევრია და სხდომების ფარგლებში ბიზნეს-სექტორის ინტერესებისა და საჭიროებების პოზიციონირებას ახდენს.