ბრალდების მხარის ექსპერტიზას არ ვეთანხმებით, გამომდინარე იქიდან, რომ 33 ჭრილობა ამოღებული იარაღით არაა მიყენებული, - განაცხადა ჟურნალისტებთან, თემქაზე ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატმა,ნაირა ოტიაშვილმა.
როგორც ის განმარტავს, გარდაცვლილ ნაცვლიშვილს ჭრილობების უმეტესობა ქვაზე თავის დარტყმის შედეგად აქვს მიყენებული. ადვოკატი ასევე დასძენს, რომ დანასთან დაკავშირებით აღიარებითი ჩვენება ბრალდებულს დაშინების შედეგად მიაცემინეს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. ბრალდების მტკიცებულება, ანუ დანა ჭრილობებთან შეუსაბამოა. დანა რომელიც მკვლელობის იარაღადაა ამოღებული, ჭრილობების ზომებს არ ემთხვევა. დანიშნული გვაქვს ექსპერტიზა, კითხვებს ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ.
გოგონა გარდაცვლილია, დაცემულია, ქვაზე აქვს თავი დარტყმული და ჭრილობათა ძირითადი რაოდენობა ამითია გამოწვეული. თუმცა, ძალიან საეჭვო გარემოებაა ის, რომ გოგონას წინიდან აქვს გალესილი იარაღით მიყენებული ჭრილობა, რომელიც გამოძიებას არ ამოუღია.
აღიარება არ ყოფილა. დღეს დავაყენებ იმ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას, რომელიც ოპერატიულად ჩაიწერა და ლადო გრიგალაშვილი დააშინეს, მოატყუეს, შანტაჟი განახორციელეს. დანა, რომელიც არ იყო ამოღებული, მამამისის კუთვნილია და მამამისის ავტომობილში იდო, ლადო გრიგალაშვილს მანამდე უთხრეს, რომ ვინაიდან შენ გაქვს ბოლო საუბარი გოგონასთან, სხვასთან არ გავიდოდა გარდაცვლილიო. ოპერატიული ჩაწერა განახორციელეს კანონის დარღვევით და იქ ეუბნება ზუსტად გრიგალაშვილი, დანა ხო ამოიღეთო, რომლის შესახებ გრიგალაშვილმა არ უნდა იცოდეს. გამოდის რომ წინასწარ დაამუშავეს ვერსია. ეს დანა არ არის მკვლელობის იარაღი.
გრიგალაშვილი რას დაიბრალებს ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მკვლელობის იარაღის ზომები არ ემთხვევა ჭრილობების ზომებს", - აცხადებს ოტიაშვილი.