თბილისში, თემქაზე შეყვარებულის, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილის განცხადებით, ის დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების 2 000 ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.
ცნობისთვის, გრიგალაშვილს სახელმწიფო ბრალდებამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაუმძიმა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს.
ბრალდების მხარემ უკვე მიიღო ექსპერტიზის შედეგები, რომლის თანახმადაც, მოკლულ გოგონას 33 ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის, თავის არეშიც.
აღნიშნული ექსპერტიზის შედეგები დაცვის მხარისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. როგორც „ჯი-ეიჩ-ენთან“ გრიგალაშვილის ადვოკატი აცხადებს, მათ ალტერნატიული ექსპერტიზა დანიშნეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გრიგალაშვილს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.