"ქართული ოცნების" ინიციატივა კიდევ ერთი დარტყმაა გამოხატვის თავისუფლებაზე, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"ევროპული საქართველო" უმრავლესობას მოუწოდებს, უარი თქვას ამ კანონპროექტის მიღებაზე.
"პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატების მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემს კანონის ფართო და არაპროგნოზირებად ჩანაწერს დაეყრდნოს თავისუფლებათა შეზღუდვისას, კიდევ ერთი მძიმე დარტყმაა გამოხატვის თავისუფლებაზე და ხელისუფლებას აძლევს რეპრესიულ იარაღს თავისუფალი შემოქმედების, ხელოვნებისა და ლიტერატურის წინააღმდეგ.
დღეს საქართველოს საკანონდებლო ბაზა და კონსტიტუცია ტოვებს სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედებითი ნაწარმოები პირადად ლახავს რომელიმე ადამიანის უფლებას.
ახალი კანონპროექტით კი ჩნდება სხვა ჩამონათვალი, სხვა ლეგიტიმური მიზნები, როცა შეიძლება შეიზღუდუოს გამოხატვის თავისუფლება.
მივმართავთ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ, უარი თქვას ამ კანონპროექტის მიღებაზე, რადგან ეს შეაფერხებს საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებასა და შელახავს მის რეპუტაციას", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით აიკრძალება.
შესაბამისი ცვლილებები „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ შედის, რომლის ავტორები უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი არიან.
ცვლილებებით სასამართლოსადმი დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები დაემატება, თუ ნაწარმოების გავრცელება სხვათა უფლებებს ლახავს.