საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს 128-ე მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანთან მიხაილ როტთან.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ინიციატივას ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას, რომელიც მხარდაჭერილია გერმანელი პარტნიორების მიერ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე. გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ვიზალიბერალიზაციის პროცესში წარმოჩენილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით გატარებული ღონისძიებებისათვის, რამაც შედეგი უკვე გამოიღო არსებული მაჩვენებლის გაუმჯობესების მხრივ.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა გერმანული მხარის ინიციატივას საქართველოს მოქალაქეების განაცხადების ვადის შემცირების თაობაზე, რაც მიუთითებს გერმანიის მხრიდან საქართველოში გატარებული დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ გაწეული ძალისხმევის აღიარებას.
დადებითად შეფასდა საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობა და მხარეები მიესალმნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა გერმანიის სახელმწიფო მდივნის მიერ ევროპის საბჭოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.