დანიაში, ქალაქ ელსინორში გაიმართა ევროპის საბჭოს 128-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა სიტყვით მიმართა მინისტერიალის მონაწილეებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მინისტერიალის ფარგლებში კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულება და აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების გადასალახად მნიშვნელოვანია საერთო ევროპული ღირებულებების დაცვა.
საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე, მათ შორის ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე. მისი განცხადებით, ვითარებას ართულებს ისიც, რომ საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ ადგილზე მდგომარეობის გაცნობის შესაძლებლობა. მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშებსა და მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ", რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.
მინისტერიალზე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გამოსვლებში, სხვა საკითხებთან ერთად, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა დაგმეს რუსეთის ფედერაციის ქმედებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს მასზე ნაკისრი ვალდებულებები.
აღსანიშნავია, რომ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში გახდა მინისტერიალის დოკუმენტების ნაწილი და სხდომის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ხსენებულ ანგარიშს, სადაც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.
აღსანიშნავია, რომ მინისტერიალზე მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ექვსი თვის ვადით გადაეცა ხორვატიას. მინისტერიალზე ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა მისი თავმჯდომარეობის პერიოდისთვის განსაზღვრული პრიორიტეტული საკითხები, რომელთა შორისაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვა, დეცენტრალიზაცია თვითმმართველობების გაძლიერების კონტექსტში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და კულტურული მარშრუტები.
მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის მხარდასაჭერად დემოკრატიული ინსტიტუტების როლსა და მათ წინაშე მდგომ საფრთხეებზე.