"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) და "საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაცია" 12 მაისის მოვლენების სამართლებრივ შეფასებას მოამზადებენ.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, შესწავლილი საკითხები გაერთიანდება ერთობლივ ანგარიშში, რომელიც იქნება საჯარო და გაეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს. ანგარიშის ავტორები, შესწავლის შედეგებს, მათ შორის, გაუზიარებენ საქართველოს მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი რეაგირებისთვის.
"12 მაისს, თბილისის რამდენიმე კლუბში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების და შემდგომში, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ საპოლიციო ძალის გამოყენების კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეისწავლიან.
ამ დრომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული განმარტებების მიუხედავად, საზოგადოებაში რჩება კითხვები სპეცრაზმის და საპოლიციო ძალის გამოყენების დასაბუთებულობასა და თანაზომიერებაზე, კლუბ “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე სპონტანური აქციის მონაწილეთა მიმართ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალის და ათეულობით პირის ადმინისტრაციული წესით დაკავების კანონიერებაზე.
12 მაისის ღამის მოვლენები, საპოლიციო ღონისძიების მასშტაბების, მასობრივი დაკავებებისა და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტების გათვალისწინებით, სათანადო დოკუმენტირებას და შეფასებას მოითხოვს. ამ მიზნით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინტის ცენტრი (EMC)” და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დეტალურად შეისწავლიან 12 მაისის ღამეს და მასთან კავშირში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის:
კლუბებში ჩატარებული ჩხრეკა და სპეცრაზმის გამოყენება - მნიშვნელოვანია შეფასდეს როგოროც სპეცრაზმის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები და მიზანშეწონილობა, ასევე უშუალოდ ჩხრეკის კანონიერების საკითხი;
მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა - კლუბ “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციამ სპონტანური აქციის მონაწილეებს აქციის გაგრძელების საშუალება არ მისცა. სწორედ ამ ადგილას მოხდა პირთა დიდი ნაწილის დაკავება. საჭიროა შეფასდეს როგორც ამ ადგილას, ასევე პარლამენტის შენობის წინ პოლიციის მოქმედება და მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ საპოლიციო ძალის გამოყენების კანონიერება;
ათეულობით პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება - როგორც კლუბებთან, აგრეთვე პარლამენტის წინ, 12 მაისს სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გავრცელებული ვიდეო მასალა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლო უკანონო დაკავების ფაქტებზე მიუთითებს. მნიშვნელოვანია დადგინდეს, პოლიციის ქცევის სტრატეგია და ტაქტიკა აქციის მართვის პროცესში, ასევე პირთა დაკავების ინდივიდუალური შემთხვევების კანონიერება;
მედიის წარმომადგენლების მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელება - 12 მაისის მოვლენებიდან რამდენიმე დღეში, სხვადასხვა წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონკრეტული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, მომხდარის გაშუქებისას, შეექმნათ პრობლემები და არ მიეცათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია შეფასდეს ჰქონდა თუ არა ადგილი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლას.
შესწავლილი საკითხები გაერთიანდება ერთობლივ ანგარიშში, რომელიც იქნება საჯარო და გაეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს. ანგარიშის ავტორები, შესწავლის შედეგებს, მათ შორის, გაუზიარებენ საქართველოს მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი რეაგირებისთვის.
მივმართავთ აქციის მონაწილეებს, დაკავებულ პირებსა და მედიის წარმომადგენლებს, მოგვაწოდონ ინფორმაცია, 12 მაისის მოვლენების დროს, სამართალდამცავთა ქმედებების შესახებ და გაგვიზიარონ ფოტო-ვიდეო მასალა, რაც ანგარიშის ავტორებს სრულყოფილი შეფასების მომზადებაში დაეხმარება", - ნათქვამია განცხადებაში.