ე.წ.პიჯაკების საქმის ერთ-ერთი მოწმე, აუდიტორი ნოდარ ვეკუა მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ის უკვე მესამე სხდომაა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას აძლევს.
„ჩემზე სისტემატურად ხდება ზეწოლა. 2018 წლის 8 მაისს პროცესის დასრულების შემდეგ, დარბაზს გარეთ, საეთერო სივრცეში ჩემზე, როგორც მოწმეზე, განხორციელდა ზეწოლა. როგორც დასაცავი პირის, ასევე დასაცავი პირის ადვოკატის ბრალდება ეხებოდა, რომ აღნიშნული დოკუმენტები პროკურატურის დაკვეთით შევადგინე. ისინი ცრუ ბრალდებას მიყენებენ, რომ პროკურატურის დაკვეთას ვასრულებ პროცესზე. ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას ჩემი უფლებებისთვის. მოწმის უფლებები საერთოდ არ არის დაცული დარბაზს გარეთ. მე 2018 წლის 18 აპრილის, 8 მაისისა და 16 მაისის აუდიო-ვიდეოჩანაწერებს ვითხოვ სასამართლოსგან“, - განაცხადა ვეკუამ.
სწორედ მან შეისწავლა ყველა ის დოკუმენტი, რომელის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილ პერზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ჯგუფურად ედავებიან.