16 მაისს, 09:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში“ საქართველო-ავსტრიის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ორგანიზებით ტარდება. ფორუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ შენცი გახსნნიან. ბიზნეს-ფორუმი მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კონტაქტების დამყარებას.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ავსტრიის ბიზნეს-სექტორის 30-მდე წარმომადგენელი ჩამოვიდა. მათ ინტერესში ადგილობრივ ბიზნეს-სექტორთან კომუნიკაცია და საქმიანი კონტაქტების დამყარება შედის. ქართულ ბიზნეს-სექტორს საშუალება აქვს პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან სექტორების მიხედვით საქმიანი მოლაპარაკებები გამართოს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელოს.
ავსტრიის ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: ჰიდრო- ელექტროენერგია, დეტექტორების, ონკანების და მსგავსი საზომი ხელსაწყოების წარმოება, სახანძრო სიგნალიზაცია და ტაქსომეტრები, სპორტული კომპლექსების მოწყობა და მართვა, მანქანათმშენებლობა, შესაფუთი მანქანა-დანადგარები, მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიები და სხვ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ბიზნეს-ფორუმზე დასასწრებად ქართული ბიზნეს-სექტორის 50-მდე წარმომადგენელი დარეგისტრირდა.
ფორუმის პირველ ნაწილში გაიმართება პრეზენტაციები ავსტრიული და ქართული კომპანიების შესახებ, შემდეგ კი ღონისძიება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრების რეჟიმში წარიმართება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავსტრიის ფედერალურ ეკონომიკურ პალატასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს. ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორების დაკავშირებისა და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით პალატები სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებს ახორციელებენ.