საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" განახლებული მენეჯმენტით დაიწყებს საქმიანობას. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ უხელმძღვანელებს მიხეილ ხიდურელი.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ ხიდურელი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის SavvY თანადამფუძნებელი. მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯმენტის კუთხით, კერძოდ: კომპანიაში „Saunders Group“ ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიცია ეკავა, სტარტაპ კომპანიაში „Drive Shift“ დირექტორის მოადგილე იყო და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელადაც მუშაობდა. ამასთანავე, ლონდონსა და ნიუ-დოჰაში SHARD-ის ცათამბჯენის პროექტის მენეჯერი გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.
შენიშვნა:
„აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.
„აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
„აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მედიატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში