კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.
როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღინისძიების სახით ნაკლებად მკაცრი ღონისძიების, გატარებას მოითხოვს.
"ბრალის დასაბუთებაზე, ბრალის მოცემულობაზე ამ ეტაპზე საუბარი ზედმეტია, მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალები, რომელიც პროკურატურამ გადმოგვცა,საკმაოდ მოცულობითია. ხაზს ვუსვამ საქმის მასალებს და არ ვსაუბრობ მტკიცებულებებზე, რადგან აღნიშნულმა საქმის მასალამ მტკიცებულების ფორმა რომ მიიღოს, არაერთი სტანდარტი უნდა გაიაროს, მათ შორის ექპერტიზები, უნდა დადგინდეს წარმომავლობა, ობიექტურობა, რამდენად ავთენტურია ეს მტკიცებულება, რამდენად შემხებლობაშია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და რამდენად ასახულია მასზე დანაშაულებრივი ქმედება.
ვინაიდან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მსჯელობა არ არის პირის დამნაშავეობა-უდანაშაულობის საკითხზე, გირაოს შუამდგომლობას დავაყენებთ. საკითხი წყდება პირის პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაბამისად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის საქმიანობიდან, ჯანმრთელობის, ოჯახური მდგომარეობიდან, გამომდინარე, ის მუშაობდა, სწავლობდა, ეს ყველაფერი ნამდვილად აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გამოყენებული არ იყოს", - განაცხადა ფანცულაიამ.
ცნობისთვის, 12 მაისს კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.