12:00 საათის მდგომარეობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის სამივე უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 16.74% (472 ამომრჩეველი) შეადგინა.
როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კენჭისყრის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. ამომრჩევლები ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით მონაწილეობენ არჩევნებში. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დახმარება და დამატებითი ინსტრუქტაჟი გარკვეულ შემთხვევებში იყო საჭირო და თითოეულ ამომრჩეველს მიეცა შესაძლებლობა დაუბრკოლებლად გამოეხატა საკუთარი ნება.
„ამ დროისთვის ფიქსირდება 3 საჩივარი, რომლებიც ეხება მხოლოდ ერთ პროცესს - კონკრეტულად, საჩივრები წარდგენილია იმის გამო, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობიდან დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. კომისია იმსჯელებს საჩივრებთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადებში“, - განუცხადა ანა მიქელაძემ მედიას.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას კენჭისყრის პროცესის შესახებ და ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურობისკენ.