ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირმა (ITU) საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ITU-ს დსთ-ს არეა ოფისიდან ITU-ს ევროპის რეგიონულ ოფისში გადაიყვანა.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის შემდეგ, საქართველო აღარ მონაწილეობს აღნიშნული რეგიონალური ოფისის შეხვედრებში, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება საქართველოს ICT-ის შემდგომ განვითარებაზე. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საქართველო მოკლებულია ITU-ში სრულფასოვანი საქმიანობის შესაძლებლობას. ამასთან, ქვეყანა ასევე ვერ იღებდა მონაწილეობას ITU-ს ევროპის საკოორდინაციო ოფისის მუშაობაში, რადგან ოფიციალურად არ იყო აღნიშნული ოფისის წევრი. ამდენად, საქართველო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ეფექტურად ეთანამშრომლა ITU-სთან და ესარგებლა ამ ორგანიზაციის შესაძლებლობებით, მათ შორის ტექნიკური დახმარებებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც ქვეყნის ტელეკომუნიკაციების ადმინისტრაციის მიერ, ITU-სთან დსთ-ს არეა ოფისიდან ევროპის რეგიონალურ ოფისში გადასვლის საკითხზე მუშაობა გაააქტიურა 2017 წელს. სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად შეხვედრები და კონსულტაციები გამართა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) გენერალურ მდივანთან, ITU-ს განვითარების ბიუროს დირექტორთან და ITU-ს ევროპის ოფისში შემავალ ევროპის ქვეყნებთან, რათა მოეპოვებინათ მათი თანხმობა ITU-ს დსთ-ს არეა ოფისიდან ევროპის რეგიონის ოფისში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ევროპის ქვეყნებისგან საქართველომ მიიღო სრული მხარდაჭერა.
აღნიშნული ცვლილება საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს შემდგომი განვითარების მიმართულებების დასახვისა და კოორდინირებული ქმედებებით მათ იმპლემენტაციის, ევროპის რეგიონული ინიციატივების კოორდინაციის პროცესში ჩართვის, ევროპის ქვეყნებთან ერთად, ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული სამოქმედო გეგმა წარდგენილი იქნება ITU-ს სრულუფლებიან კონფერენციაზე.
ITU-ს ევროპის რეგიონულ ოფისში გადაყვანით, საქართველო შეძლებს საკუთარი ICT-ის შემდგომი განვითარებისთვის აღნიშნული ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებების მიღებას, ასევე, რეგიონალურ სამუშაო შეხვედრებში, ტრენინგებში და სემინარებში მონაწილეობა-ჩატარებას.
გარდა ამისა, ევროპის რეგიონალურ ოფისში საქართველოს გადასვლა მნიშვნელოვანია ასევე AA/DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების, საქართველოს ICT კანონმდებლობისა და რეგულაციების ევროპის შესაბამის რეგულაციებთან ჰარმონიზებისთვის.
საქართველო 1993 წლიდან ტელეკომუნიკაციების სფეროში გაეროს (UN) სპეციალიზებული ორგანიზაციის, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) წევრია. აღნიშნული ორგანიზაციის მთავარი მიზანია წევრი სახელმწიფოების მთავრობებთან თანამშრომლობით და კერძო, სამთავრობო და აკადემიური სექტორის ჩართულობით ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარების და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ასევე საინფორმაციო საზოგადოების განვითარების და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიზნით სხვადასხვა აქტივობების დასახვა - განხორციელება.
ITU-ს ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს რადიოსიხშირული რესურსების გამოყოფა, განაწილება და კოორდინაცია, ქვეყნების საერთაშორისო სატელეფონო კოდების და გლობალური მომსახურებების ნუმერაციის დადგენა და გამოყოფა, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ქსელების განვითარების და ფუნქციონირების ნორმების დადგენა და ა.შ.