საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, მათ შორის, ახალი სამშვიდობო ინიციატივები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ყრილობაზე.
მისი თქმით, არ არსებობს წინსვლა, განვითარება და პროგრესი მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე.
„ჩვენი დასავლელი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნიდან ღიად და მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ისინი ასევე იზიარებენ და მხარს უჭერენ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.