საკრედიტო-საგარანტიო სქემები მსოფლიოს ბევრ, მათ შორის, განვითარებულ ქვეყანაში უკვე აპრობირებულია და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსების მოზიდვის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ ეკონომიკის სამინისტროს ახალი რეფორმის პასუხად, რომლის განხორციელებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში ფინანსების ხელმისაწვდომობის კუთხით მეტი მხარდაჭერა სჭირდება, რაც გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთმა კვლევამ დაადასტურა.
„ფინანსების ნაკლებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებს საქმიანობაში ხელს უშლის. მაღალგანვითარებულ ქვეყნებში მათი წილი ეკონომიკაში 60-70 %-ს შეადგენს, საქართველოს მშპ-ში კი, დაახლოებით, 25%-ია, არადა სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი გენერატორია და, ამავე დროს, ქვეყანაში საშუალო ფენის შემქმნელი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, აღნიშნული მიმართულებით, მეწარმეების მხარდაჭერისა და სტიმულირების განსხვავებული მექანიზმები უნდა არსებობდეს.
„საქართველოში ამოქმედდა და წარმატებით მუშაობს პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“, პროგრამები სოფლის მეურნეობისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით, არის ინიციატივები მცირე საწარმოებისთვის გამარტივებული და განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმის დაწესებისთვის... ვფიქრობ, საკრედიტო-საგარანტიო რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირების, კერძოდ, ფინანსურ რესურსებზე მათი წვდომის ხელშეწყობისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
„ეს მეთოდი წარმატებით მუშაობს მრავალ ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ, წარმატებით იმუშავებს საქართველოშიც. სწორედ ასეთ პრაქტიკულ მხარდაჭერას ელოდება ხელისუფლებისგან მრავალი მცირე მეწარმე და ჩვენი თანამოქალაქე“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.