საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
მიხეილ ჯანელიძემ ებრაელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, დღითიდღე მყარდება. „ამ მეგობრობის ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა ის, რომ 28 მარტს საქართველომ აღიარა ებრაელებისა და ქართველების მეგობრობა, როგორც არამატერიალური კულტურული ფასეულობა. ჩვენ უკვე გავაგზავნეთ მოთხოვნა იუნესკოში, რათა ამ მეგობრობამ საერთაშორისო აღიარება მიიღოს", - განაცხადა ჯანელიძემ.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ისრაელი მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება მთელი საზოგადოება გაერთიანდეს და, „რთული გამოწვევების მიუხედავად, შესძლოს სამაგალითო სახელმწიფოს აშენება სულ მოკლე პერიოდში - 70 წლის განმავლობაში".
„რაც გამოარჩევს ისრაელის სახელმწიფოს, ეს არის დემოკრატია, ეს არის სიახლისკენ სწრაფვა და, რა თქმა უნდა, გამორჩეული პატრიოტიზმი", - დასძინა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძემ ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორობაზე ისაუბრა. მან ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცებისკენ მიმართულ ნაბიჯად შეაფასა საქართველოსა და ისრაელის ეკონომიკის მინისტრებს შორის მემორანდუმის გაფორმება, რომლითაც, მისი თქმით, „იწყება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის შესწავლა".
მიხეილ ჯანელიძის თქმით, საერთო ღირებულებებზე, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა მყარ საფუძველს ქმნის ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის შემდგომი განვითარებისათვის და საგარეო, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის, ინვესტიციების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა თუ ჯანდაცვის სფეროებში პარტნიორობის გაძლიერებას ემსახურება.
ისრაელის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.