თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა.
„წარდგენილი ბრალის თანახმად, გ.გ.-ს და ნ.გ.-ს, ბრალად ედებათ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; მათვე, ბრალად ედებათ ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ჩადენილიწინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულები საკომუნიკაციო პროგრამა “Telegram”-ის მეშვეობით, უკავშირდებოდნენ სხვა პირებს და თანხის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალების შეძენას სთავაზობდნენ. პოტენციური შემძენი მინიშნების სახით წერდა გამსაღებლებს „კონიაკის თემა არის?“, რის შემდეგაც ბრალდებულებისგან იღებდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომერს. ანგარიშსწორების შემდეგ, მყიდველს მისდიოდა ფოტო მისამართისა და კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც იდო ნარკოტიკული საშუალება.
აღკვეთის ღონისძიების შერჩევის სხდომაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები. სასამართლომ, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალი ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც უალტერნატივოდ გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 7-დან 14 წლამდე ვადით, ამასთან მათი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია ბილეთები და სასტუმროს ჯავშანი საზღვარგარეთ. საქმეზე გრძელდება გამოძიება და დასადგენია მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების ვინაობა. ამდენად, მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 28 ივნისს 12:00 საათზე გაიმართება.