„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ UPU-ს ორგანიზებით ქალაქ სტამბულში გაიმართა გლობალური საფოსტო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება - საფოსტო ოპერატორების გენერალური დირექტორების ფორუმი „UPU WORLD CEO FORUME 2018“, რომლის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საფოსტო ოპერატორების გენერალური დირექტორების შეკრება, რათა განიხილონ ახალი სტრატეგიები, ტენდენციები, საფოსტო კავშირის განვითარების პერსპექტივები და გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება. ღონისძიებას მსოფლიო საფოსტო კავშირის 60 წევრი ქვეყნის ეროვნული საფოსტო ოპერატორის ხელმძღვანელი ესწრება.
ფორუმი „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ UPU-ს გენერალურმა დირექტორმა ბიშარ ჰუსეინმა გახსნა - „ეს ფორუმი გვაძლევს საშუალებას ერთობლივად განვიხილოთ ისეთი შესაძლებლობები, რაც საფოსტო ინდუსტრიას შეუქმნის ძლიერ მომავალს, მოგვცემს საშუალებას მზად დავხვდეთ მომავლის გამოწვევებს და გავაძლიეროთ კავშირები, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, აღმოვფხვრათ დაბრკოლებები და გავაძლიეროთ ერთმანეთი. მეტად მნიშვნელოვანია ვიფიქროთ დღეს, თუ რა შესაძლებლობები და მომავალი აქვს საფოსტო ინდუსტრიას“.
ფორუმის მთავარ თემას წარმოადგენდა საფოსტო ბიზნესის ახალი მიმართულებები, უკეთესი მომსახურების სტანდარტები და გლობალური პერსპექტივების განხილვა, ამასთანავე შეჯამდა გასული წლის საფოსტო სექტორის მთავარი გამოწვევები.
ფორუმი პანელური დისკუსიების ფორმატში მიმდინარეობდა, ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე გახლდათ, რომელმაც კოლეგებს ახალი გლობალური ლოჯისტიკური ქსელის პროექტი გააცნო.
„ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვითარდება ელექტრონული კომერციაც, რაზეც მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია, ის აკავშირებს ეკონომიკას და მრეწველობას, პროდუქტებს და მომსახურებას. იზრდება მომხმარებლების მოთხოვნა საფოსტო ოპერატორების მიმართ, რათა მათ სწრაფად მიიღონ გზავნილები. ამისათვის საჭიროა გამართული ლოჯისტიკა და მჭიდრო კავშირები, რათა შევძლოთ ფუნქციონირება ამ რადიკალურად დინამიურ სამყაროში. ამას საფოსტო ჰაბების შექმნით შევძლებთ, მთელს მსოფლიოში ყველა საფოსტო ოპერატორისთვის ტვირთების კონსოლიდაცია საფოსტო ჰაბების მეშვეობით განხორციელდება, რომლებიც ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში და აფრიკაში განთავსდება. სპეციალური საფოსტო ჰაბი და კონსოლიდირებული საფოსტო გზავნილები იქნება გარანტი იმისა, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სატრანზიტო პერიოდი. ამ პროცესში მეტად მნიშვნელოვანია ავია კომპანიების ჩართულობა. ვფიქრობ მსოფლიო საფოსტო კავშირი შეძლებს დაადგინოს სტანდარტები როგორც საერთაშორისო ჰაბებისთვის, ასევე ავია კომპანიებისთვის, რაც უზრუნველყოფს ძლიერ და სწრაფ ლოჯისტიკურ მომსახურებას მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ეს საშუალებას მისცემს ყველა საფოსტო ოპერატორს იყოს მეტად მოქნილი, სწრაფი და ხარისხიანი სერვისის მიმწოდებელი მსოფლიო მომხმარებლისთვის“, - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა.
წარდგენილი პროექტი ასევე ითვალისწინებს ქვეყნებს შორის წერილობითი კორესპოდენციის გარკვეული სახეობის გაცვლას ელექტრონული გზით, ჰიბრიდული ფოსტის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენებას საერთაშორისო წერილობითი კორესპოდნციის გაცვლისთვის.
საფოსტო ოპერატორების გენერალური დირექტორების ფორუმი მესამე წელია იმართება მსოფლიო საფოსტო კავშირის ინიციატივით. “მსოფლიო საფოსტო კავშირი“ UPU 1874 წელს დაფუძნდა შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში და აერთიანებს 192 ქვეყნის ეროვნულ საფოსტო ოპერატორს, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისო ორგანიზაციაა.