გამოძიება არასწორად, ცალმხრივადაა ნაწარმოები და ჩვენი აზრით, მიმართულია იმისკენ, რომ კონკრეტული პირები პასუხისგებაში არ იყვნენ მიცემული. სწორედ ამიტომ გვყავს საბრალდებო სკამზე ორი ბრალდებული და არა გაცილებით მეტი პირი, - განაცხადა ჟურნალისტებთან, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.
"დღეს დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებმაც ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. ისინი დაადასტურებენ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობას. ვინაიდან გამომძიებლები არ გახლავთ ის პირები, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ დაჭრის ფაქტს, შესაბამისად მათი ჩვენება ვერ იქნება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. ჩვენთვის,დაცვის მხარისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სწორედ იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ დაჭრის ფაქტს. სწორედ მათ ჩვენებებს უნდა დაეფუძნოს გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენი.
კატეგორიულად შემიძლია განვაცხადო, რომ თვითმხილველი პირების ჩვენებით არ დგინდება ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა ის დანაშაული, რომელსაც მას ბრალდების მხარე ედავება.
გამომძიებელთა ჩვენებით დგინდება ის, რომ მათ ნამდვილად ჩაატარეს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები, გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას არც დაცვის მხარე ვხდით სადავოს. თუმცა, გამოძიება არასწორად, ცალმხრივადაა ნაწარმოები და ჩვენი აზრით, მიმართულია იმისკენ, რომ კონკრეტული პირები პასუხისგებაში არ იყვნენ მიცემული. სწორედ ამიტომ გვყავს საბრალდებო სკამზე ორი ბრალდებული და არა გაცილებით მეტი პირი", - განაცხადა კაკაბაძემ.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.